ექვსი წლის შემდეგ პარლამენტი ისევ თბილისში გადმოაქვთ. წინა ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაცვლელად, რეგლამენტში ცვლილებები შედის. საკითხი, რომელიც წლების განმავლობაში მმართველი გუნდის დეპუტატებს შორისაც კი სადავო იყო, ამჯერად უმრავლესობის უმრავლესობაში უკვე შეთანხმებულია.
საკანონმდებლო ორგანოს ადგილმდებარეობის შეცვლის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ხარჯების დაზოგვა სახელდება, რასაც საპარლამენტო უმცირესობა არ ეთანხმება.
უკვე ოთხი წელია, საკომიტეტო სხდომები ისედაც თბილისში ტარდება, 2019 წლის პირველი იანვრიდან კი საკანონმდებლო ორგანო სრული დატვირთვით საქმიანობას კვლავ რუსთაველის გამზირზე მდებარე ისტორიულ შენობაში განაგრძობს. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ “ქართულმა ოცნებამ” პარლამენტის ადგილმდებარეობის შეცვლა ხუთი წლის წინაც სცადა, თუმცა, მაშინ კანონპროექტი ჩავარდა.
თავის დროზე პარლამენტის ქუთაისის შენობაზე რამდენიმე ასეული მილიონი ლარი დაიხარჯა. მაშინდელი ხელისუფლება საკანონმდებლო ორგანოს ადგილმდებარეობის შეცვლას ქალაქის ეკონომიკურად გამოცოცხლების სურვილით ხსნიდა.
მოქალაქეთა ნაწილის აზრით, ეკონომიკური კუთხით საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისში გადატანას ძირეული ცვლილებები არ მოჰყოლია. ამიტომ მათთვის სულერთია, სად იქნება პარლამენტი.
ასე არ ფიქრობს ადგილობრივთა მეორე ნაწილი, რომელიც საპარლამენტო ქალაქის სტატუსის დაკარგვის შემდეგ, ხელისუფლებას ქუთაისისთვის სხვა ფუნქციის მოძებნას სთხოვს.