ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ახალი საბაჟო კოდექსის პროექტის პრეზენტაცია გამართა. ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ახალი საბაჟო კოდექსის პროექტით გათვალისწინებული სიახლეები ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს გააცნო. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, 2019 წლიდან, საქართველოს საბაჟო სფეროში ევროპული კანონმდებლობა ექნება.
უწყების ინფორმაციით, სამინისტრომ საბაჟო კოდექსის პროექტზე მუშაობა დაასრულა და ის სრულად პასუხობს ევროკავშირის სტანდარტებს, რაც ფინანსთა სამინისტროს ცნობით, მნიშვნელოვანი სტიმული გახდება ევროკავშირიდან ინვესტიციების მოსაზიდად და ხელს შეუწყობს ქართული ბიზნესის ინტეგრაციას ევროკავშირის ბაზარზე.
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, კანონპროექტი ითვალისწინებს მნიშვნელოვან სიახლეებს საბაჟო პროცედურების გამარტივების მიმართულებით. კერძოდ:
შემოდის მარტივი გაფორმების ახალი წესები და დეკლარირების ფორმები;
იქმნება გადახდილი იმპორტის გადასახადის დაბრუნების შესაძლებლობა;
საბაჟო გადაწყვეტილების მიღების დროს, მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული მეწარმის ინტერესები;
ბიზნესის გათვალისწინებით, შესაძლებელი იქნება გარანტიის ახალი სახის (თავდებობა) გამოყენება;
იქმნება მნიშვნელოვანი წინაპირობა, ბიზნესმა გამარტივებული საბაჟო პროცედურებით ისარგებლოს ევროკავშირსა და სხვა ქვეყნებში;
ამასთან, საბაჟო კანონმდებლობაში შენარჩუნდება ყველა ის პოზიტიური ცვლილება, რაც რეფორმების შედეგად განხორციელდა საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებების ერთიანი/გამარტივებული ადმინისტრირების მიმართულებით, მათ შორისაა: გადასახადის გადამხდელის ერთიანი ბარათი (საგადასახადო და საბაჟო), „სივრცეში“ და „საზღვარზე“ არსებული ზედმეტობის ურთიერთჩათვლა, ერთიანის სახაზინო კოდი საგადასახადო/საბაჟო ვალდებულების შესასრულებლად, გასაჩივრებისა და საგადასახადო შეთანხმების ერთიანი სისტემა.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, საბაჟო კოდექსის ამოქმედების შემდეგ, საქართველო იქნება პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც თანამედროვე საბაჟო ინფრასტრუქტურასთან ერთად, ახალი საბაჟო კანონმდებლობითაც სრულად უპასუხებს ევროსტანდარტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებაში.