სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ყოფილი მინისტრი კახა კახიშვილი ფარულ ჩანაწერში მირზა სუბელიანის მიერ სავარაუდოდ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, როგორც კახიშვილი აღნიშნავს, მან ამის შესახებ არაფერი იცის:
„მე მგონი, ვინც მიცნობთ, ყველამ ძალიან კარგად იცით, რომ ადვილი შესაშინებელი არ ვარ და აქედან გამომდინარე, როგორ წარმოგიდგენიათ, მაშინ, როცა ყოველ დღე მქონდა წვდომა როგორც ბეჭდურ, ისე ტელემედიაზე, რაში მჭირდებოდა ლალი მოროშკინას დახმარება? – არალოგიკურია ეს“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.
რაც შეეხება კომპრომატებს, რომელიც შესაძლოა, მის წინააღმდეგ არსებობდეს, კახიშვილი პასუხობს, რომ „კომპრომატის არსებობა მაშინ დგინდება, როცა ესა თუ ის პირი უცებ გაჩუმდება“.
„ჩემი გაჩუმება არავის გახსოვთ. არც იმ წლებში, როცა ვიყავი ექსპერტი, მე არ მახსოვს არასდროს, არც პირდაპირი და არც ირიბი მუქარა. არანაირი მუქარა მათ შორის მირზა სუბელიანისგან არ მახსოვს. კომუნიკაციაც კი არ ყოფილა ამა თუ იმ თემაზე მასთან“, – აღნიშნა კახიშვილმა.