ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს მიმართავს. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
განცხადების ტექსტში, რომელიც გაერთიანების სახელით მამუკა გამყრელიძემ წაიკითხა, „ძალა ერთობაშია“ თეა წულუკიანისგან ითხოვს, საქართველოს ყოფილი პრემიერი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი დაუყონებლივ გადაიყვანონ სასჯელაღსრულების სისტემის სამედიცინო დაწესებულებაში, რათა სათანადო კვლევები და მკურნალობა ჩაუტარდეს. ოპოზიცია ითხოვს, რომ მკურნალობის შემდეგ, მერაბიშვილი სათანადო პირობებში გადაიყვანონ.
რაც შეეხება მეორე მოთხოვნას, ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანება საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს, ივანე მერაბიშვილი შეიწყალოს. „ძალა ერთობაშია“ მოუწოდებს გიორგი მარგველაშვილს, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე შეიწყალოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას ოპოზიცია სწორედ საქართველოს პრეზიდენტსა და იუსტიციის მინისტრს აკისრებს.
ოპოზიცია თეა წულუკიანსა და გიორგი მარგველაშვილს ორდღიან ვადას აძლევს. ოპოზიციის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მერაბიშვილი უკვე მეექვსე წელია სასჯელს იხდის მძიმე პირობებში, კერძოდ უფანჯრო საკანში, რის გამოც მისი მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა.
გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ის აპირებს “შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი და დანარჩენი პოლიტპატიმრები, რომლებიც ციხეში არიან, მათ შორის ვანო მერაბიშვილი, ბაჩო ახალაია და გიორგი ცააძე.