გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე მარიხუანის კულტივაცია/ექსპორტის აკრძალვის შესახებ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მიზნით, ხელმოწერების შეგროვებას იწყებს, – ამის შესახებ საპრეზიდენტო კანდიდატმა განცხადება ოპერის ბაღში ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს გააკეთა. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
„კატეგორიულად მოვითხოვთ ორ რამეს: პირველი – კანონპროექტი უპირობოდ იქნეს გატანილი პარლამენტიდან. უპირობოდ, შეწყდეს ყოველგვარი ლაპარაკი ამ თემაზე და დავიწყებას მიეცეს ეს „ინიციატივა“, რომელიც ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ერის და ჩვენი ახალგაზრდობის განადგურებაზე არის გათვლილი. მეორე – აუცილებლად შესატანია კონსტიტუციაში საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც აკრძალავს საქართველოში კანაფის და ა.შ. ნარკოტიკების წარმოებისთვის საჭირო მცენარეების სასოფლო-სამეურნეო კულტურად გამოცხადებას”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მისი თქმით, იმისთვის, რომ ცვლილება შევიდეს კონსტიტუციაში, 200 ათასი ხელმოწერის შეგროვებაა საჭირო. ვაშაძე დარწმუნებულია, რომ ამ რაოდენობით ხელმოწერების შეგროვებას ძალიან მალე შეძლებს.