საქართველოს ისტორია შესაძლოა შეიცვალოს – არქეოლოგების სენსაციური აღმოჩენის შემდეგ, მითები კოლხეთის სამეფოს და ქალაქ აიას შესახებ სულ უფრო სარწმუნო ხდება.
ქუთაისის ისტორიულ ნაწილში, გაბაშვილის გორაზე, არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს. კადრებს „კურიერი“ ავრცელებს. როგორც არქეოლოგები ვარაუდობენ, ამ ადგილას დასახლება ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის მე-13 საუკუნიდან არსებობდა. აღმოჩენამ შესაძლოა, დაადასტუროს ის ფაქტი, რომ სწორედ ამ ტერიტორიაზე კოლხეთის სამეფოს ანუ აიას, როგორც მას ანტიკურ წყაროებში მოიხსენიებდნენ, ცენტრი მდებარეობდა.
მეცნიერი ომარ ლანჩავა ამბობს, რომ ამ აღმოჩენამ შესაძლოა, საქართველოს ისტორია შეცვალოს. დასტურდება, რომ ამ ტერიტორიაზე, დაახლოებით, 3 ათასი წლის წინ დიდი დასახლება და კოლხური საამქროები იყო.
ქუთაისის ისტორიულ ნაწილში სამუშაოებს ქართველი არქეოლოგები პოლონელ კოლეგებთან ერთად ატარებენ. არტეფაქტები შესასწავლად ვარშავის უნივერსიტეტში იგზავნება.
სამუშაოებში ქართულ მხარეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ქუთაისის მუზეუმ-ნაკრძალი წარმოადგენს. ეს აღმოჩენა ხელს შეუწყობს ქუთაისს „იუნესკოს“ კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში ხელახლა წარდგენას.
3 ათასი წლის წინანდელი თავდაცვის თხრილს არქეოლოგები დღეს ისევ მიწით დაფარავენ. ნაპოვნი ნივთები კი ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში გამოიფინება.