„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტების ცემის ფაქტზე ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს მუდმივ მოქმედი ჯგუფი განცხადებას ავრცელებს:
„დღეს დილით, დაახლოებით ათ საათზე მეცხრე გვირაბის აღმოსავლეთ პორტალთან (ქვიშხეთის სამშენებლო უბანი) “რუსთავი 2”-ის გადამღები ჯგუფი ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილებისა და უსაფრთხოების აღჭურვილობის გარეშე, უნებართვოდ შეიჭრა სამშენებლო მოედანზე, სადაც აქტიურად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები და სპეციალური უსაფრთხოების აღჭურვილობის გარეშე შესვლა აკრძალულია.
ჩვენი კომპანიის თანამშრომლების მიერ, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, გადამღებმა ჯგუფმა მაინც არ დატოვა ტერიტორია და პროვოკაციული გზით შეეცადა ჩვენი კომპანიის თანამშრომლებთან კონფლიქტში შესვლას.
ვწუხვართ მომხდარის გამო, ჩვენი მიზანი დახურულ სამშენებლო მოედანზე ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო. მზად ვართ ვითანამშრომლოთ დაინტერესებულ პირებთან,“ – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით „კურიერის“ ჟურნალისტს ეკა გაგუას და ოპერატორს ლევან კალანდიას სცემეს. „რუსთავი 2″-ის გადამღებ ჯგუფს ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს საქართველოს ოფისის წარმომადგენლები გაუსწორდნენ. „კურიერი“ რეპორტაჟს რკინიგზის ახალი მაგისტრალის მშენებლობის დროს გამოვლენილ დარღვევებზე ამზადებდა. ვიდეომასალის გადაღების დროს კი ჩინური კომპანიის წარმომადგენლებმა „კურიერის“ ჟურნალისტს კამერა წაართვეს და მოპოვებული ვიდეომასალის წაშლა სცადეს, რამდენიმე საათის განმავლობაში ტელევიზიის კუთვნილი ტექნიკა კომპანიის წარმომადგენლებს ჰქონდათ ჩაკეტილი.