შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს მთავარ პროკურატურასთან ერთად, იმერეთსა და თბილისში ერთდროულად ჩატარებული რამდენიმე სპეცოპერაციის შედეგად, მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით, 10-კაციანი დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს.
დაკავებულებმა თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება მოქალაქეს და გაურკვეველი მიმართულებით გაიტაცეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს გატაცებულის მამამ აცნობა. გამტაცებლები მას მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდნენ და შვილის გამოსასყიდად დიდი ოდენობით თანხა მოსთხოვეს, ფულის გადაუხდელობის შემთხვევაში კი მძევლის სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.
ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, პოლიციამ გატაცებულის ადგილსამყოფელი დაადგინა, იგი გამტაცებლებს იმერეთის ერთ-ერთ სოფელში ჰყავდათ გადამალული.
მძევლის გათავისუფლების სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდა. ჩადენილი ქმედება 9-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.