თბილისში არსებული ლუგარის ლაბორატორიის შესახებ ირანის სახელმწიფო რადიოსადგურ «Pars Today»-ში ვრცელი გადაცემა მიუძღვნეს. ირანელმა ექსპერტებმა თბილისის ლუგარის ლაბორატორია ირანისთვის საფრთხის შემცველად დაასახელეს. გადაცემაში ასევე აღინიშნა, რომ მსგავსი ლაბორატორია აშშ-ს მეზობელ სომხეთშიც აქვს გახსნილი, რაც ირანისათვის საშიშროებას წარმოადგენს.
„პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ამ რამდენიმე დღის წინ რუსულ გაზეთ „კომერსანტ“-ისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ „ჩვენთან არსებულ აშშ-ის ბიო-ლაბორატორიას მთლიანად სომხეთის ხელისუფლება აკონტროლებს“ – აღნიშნეს ირანელმა ექსპერტებმა. მათი შეფასებით, იგი იძულებული გახდა ეს განცხადება გაეკეთებინა, ვინაიდან აშშ-ის ვერაგული გეგმები გამჟღავნდა მიკრობების წარმოების საკითხში.
გადაცემაში ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მრჩევლის ინტერვიუ აღნიშნულთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ ყოფილი ამერიკელი მრჩეველი ჯეფრი სილვერმანი აღნიშნულ ლაბორატორიას საფრთხის შემცველად იხსენიებს: „იმ საერთაშორისო კონვენციის გამო, რომელიც მიკრობიოლოგიური იარაღის წარმოებას კრძალავს, აშშ-ის მთავრობას თავის ტერიტორიაზე კვლევების ნებას არ აძლევს, შესაბამისად, ბიოლოგიური ლაბორატორიები საქართველოს მსგავს ქვეყნებში აშენდა“ – აცხადებს იგი.