საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ზვიად ძიძიგური ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ით გასულ სიუჟეტს ეხმაურება, სადაც უმრავლესობის სხვა წევრებთან ერთად მისი კუთვნილი სახლიც იყო ნახსენები. იგი სიუჟეტს სამარცხვინოს უწოდებს.
„სამარცხვინოა ასეთი ტიპის გადაცემები, რაც ჩვენ ვიხილეთ გუშინ „რუსთავი 2“ -ის ეთერში. ეს არის შავი პიარის ტექნოლოგია, უნდა დაგასხან თავს ლაფი, შემდეგ უნდა იმართლო თავი და, ნამდვილად არ ვაპირებ თავის მართლებას. თუ ვინმეს რამე აინტერესებს ჩემ ქონებრივ შემოსავალთან დაკავშირებით, აბსოლუტურად ყველაფერი წერია დეკლარაციაში. ღიაა ეს ინფორმაცია, საჯაროა. რატომღაც „რუსთავი 2“-მა არ ჩათვალა საჭიროდ დეკრალაციაზე მიეთითებინა. ყველას შეუძლია დეკლარაციაში ეს ამბავი ნახოს. დედამიწის ზურგზე, ყველას აქვს კრედიტის აღების უფლება. იმ უსინდისოებმა, რომლებმაც ეს სიუჟეტი გააკეთეს, საერთოდ არ აღნიშნეს რომ 10-წლიანი კრედიტი მაქვს აღებული, ათი წელი უნდა ვიხადო ეს კრედიტი. მინდა გითხრათ, ჩემი 5 შვილით და 8 სულიანი ოჯახით, ვცხოვრობ სახლში, რომელიც არის ჩემი ერთადერთი ქონება. სხვა არაფერი ქონება მე არ გამაჩნია. ბოდიშს ვიხდი, რომ 54 წლის ასაკში, მეოთხე მოწვევის დეპუტატს მაქვს სახლი. ბოდიშს ვიხდი, თუ ეს ბოდიშის მოსახდელია. მეტი აღარ მინდა ამ თემაზე საუბარი“ – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.