თურქული მედია ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმად, ჟურნალისტი ჯამალ ჰაშაღი მკვლელობამდე ჯერ სასტიკად აწამეს, შემდეგ კი თავი მოკვეთეს. მკვლელობის დეტალებზე ინფორმაცია აუდიოჩანაწერის მოპოვების შემდეგ გავრცელდა, რომლის თანახმადაც, ჟურნალისტი სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოს შენობაშია მოკლული. ჩანაწერში ისმის ხმა, რომელშიც გენერალური კონსული მოჰამედ იბრაგიმი, მკვლელობას საკონსულოს შენობის გარეთ მოითხოვს.
ოფიციალური ანკარა აცხადებს, რომ ჟურნალისტი საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლეს. თურქეთის პოლიციამ სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში ჩხრეკა ჩაატარა. როგორც BBC-ს იტყობინება, თურქეთის სამართალდამცავებს ჟურნალისტის მკვლელობის დამადასტურებელი ვიდეო და აუდიო მტკიცებულება აქვთ. არსებობს ეჭვი, რომ, რომ სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში არსებული ვითარების შესახებ ჯამალ ჰაშაღიმ Apple-ის ჭკვიანი საათის მეშვეობით თავად ჩაიწერა რეალობის ამსახველი აუდიო მასალა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თურქეთს Washington Post-ის გაუჩინარებული ჟურნალისტის ჯამალ ჰაშაღის მკვლელობის ამსახველი ჩანაწერის გადაცემას სთხოვს.
თურქეთის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს ოფიციალური ერ-რიადი.
შეგახსენებთ, რომ არაბი ჯამალ ჰაშაღი, რომელიც ერ-რიადის მიმართ კრიტიკული განცხადებებით გამორჩეოდა, 2 ოქტომბერს სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში ვიზიტის შემდეგ გაუჩინარდა.